ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორიას ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოუჩნდა. ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.
სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი კვლავ საპრივატიზებო სიაშია და მასზე დაინტერესება მაღალია. ახალი საპრივატიზებო პირობები კი, მოგვიანებით, ობიექტის პრივატიზების პროცესის ინიცირების ეტაპზე გახდება ცნობილი.
ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე აუქციონი პროექტის – „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში გამოცხადდა. ობიექტის საწყისი ფასი 35 მილიონი ლარი იყო.
გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის ვადაში აღმაშენებლის N60-ში არანაკლებ 200 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა გაეხსნა, ან მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელშიც არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო იქნებოდა. ინვესტორს პროექტში მინიმუმ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო.
ქონების სრული ჩამონათვალი ასეთია: 8350.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N8 შენობა-ნაგებობები; 11701.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები; 582.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 (ნაგებობა) და N3 შენობა-ნაგებობები.