ქუთაისში ახალი სასტუმრო აშენდება
ქუთაისში ახალი სასტუმრო აშენდება

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ქუთაისში, აღმაშენებლის N2-ში ახალი სასტუმრო აშენდება, რისთვისაც 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმროს ასაშენებლად შპს „ქუთაისი ინნ“-ს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2250.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული, ამორტიზებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე 430 000 ლარად გადაეცა. საპრივატიზებო პირობების თანახმად, კომპანიამ 42 თვის ვადაში არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს. სასტუმროში 50 ადამიანი დასაქმდება.

პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 24 ობიექტი, რითაც ბიუჯეტმა 58 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 124 მლნ ლარს აჭარბებს.