ყინულის დნობამ ნორვეგიაში უძველეს სანადირო იარაღთა საგანძური გამოაჩინა — #1tvმეცნიერება
ნორვეგიის მთებში ყინულის დნობასთან ერთად, არქეოლოგებმა არტეფაქტების ნამდვილი საგანძური აღმოაჩინეს — 68 ისარი და სხვა მრავალი უძველესი ნივთი ჩრდილოეთის ირმებზე ნადირობის უძველეს ზონაში.
რადიონახშირბადული დათარიღებით ირკვევა, რომ აღმოჩენილთა შორის უძველესი არტეფაქტები 6000 წლის წინანდელია. მათ შორის არის ჩრდილოეთის ირმის ძვლები და რქები და ე. წ. შესაშინებელი ჯოხები, რომლებსაც ცხოველების ჯოგის ისეთ ადგილებში შესარეკად იყენებდნენ, სადაც მათი მონადირება უფრო ადვილი იყო.
გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, ასეთი აღმოჩენები უფრო ხშირი ხდება, განსაკუთრებით ყინულის უძრავი ფრაგმენტების ქვეშ, რომლებიც მყინვარების მსგავსად არ მოძრაობს და ამ დროს ნივთებს არ ამსხვრევს. რაც უფრო გაურკვეველი ხდება პლანეტის მომავალი, მით უფრო ბევრ რამეს ვიგებთ მისი წარსულის შესახებ.
„ყინულის ამ ძეგლზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ისარია აღმოჩენილი. აქ მუშაობა და ამ ისრების პოვნა პოვნა წარმოუდგენელი გამოცდილებაა, ყველა არქეოლოგის ოცნება. ჩემს ჯგუფს ვეუბნები, რომ ამ მომენტით რაც შეიძლება მეტად ისიამოვნონ, რადგან მსგავს რამეს მომავალში ალბათ ვეღარასოდეს გამოსცდიან“, — ამბობს ნორვეგიის კულტურის დეპარტამენტის არქეოლოგი ლარს პილო.
პოტენციური აღმოჩენები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მკვლევართა ჯგუფი ამ ადგილს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა, იქამდე, ვიდრე ყველა არტეფაქტს აღმოაჩენდა. ეს ძეგლი იუტუნჰეიმენის მთებში, ლანგფონის ყინულის მონაკვეთზე მდებარეობს.
აღმოჩენათა ასაკი ქვის ხანიდან შუა საუკუნეებამდე მერყეობს; სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტებს სხვადასხვა მახასიათებლები აქვს. ისრების უმეტესობა გვიანდელი ნეოლითის (ძვ. წ. 2400 – 1750 წწ) და გვიანდელი რკინის ხანებს (ახ. წ. 550 – 1050 წწ) ეკუთვნის.
აღმოჩენათა საფუძველზე ამ ზონის გარკვეული ისტორიული სურათის მისაღებად, მკვლევრებმა მხედველობაში მიიღეს მრავალი სხვადასხვა ფაქტორი — ყინულისა და ნადნობი წყლის მოძრაობა, ქარისა და მოშიშვლების გავლენა და ა. შ.
მკვლევართა განცხადებით, როგორც ჩანს, ამ ფაქტორებმა არტეფაქტების უმეტესობა ძეგლიდან უკვე გადააადგილა, მაგრამ გარკვეული ნაწილი მაინც ადგილზე დარჩა, მათ შორის, შესაშინებელი ჯოხები, რომლებითაც მონადირეები ირმებს ყინულის მონაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ წერტილში მიერეკებოდნენ.
ზოგიერთი ისრის დეფორმირება მიანიშნებს, რომ ყინულის მონაკვეთები სინამდვილეში უფრო რეგულარულად მოძრაობს, ვიდრე გვეგონა და ამას ადასტურებს ამ ზონის გეორადარით კვლევაც.
ლანგფონის ყინულის მონაკვეთი ზომით ახლა იმის მესამედზე ნაკლებია, რაც 20 წლის წინ იყო და სამ ცალკეულ მონაკვეთად არის დაყოფილი. მკვლევართა შეფასებით, ახლა იქ მცირე გამყინვარების ხანის (XV-დან XX საუკუნემდე) ყინულის საფარის 10 პროცენტიღაა დარჩენილი.
სხვა დეტალების გასარკვევად დამატებითი კვლევებია საჭირო. მკვლევართა ჯგუფის აზრით, ამ ზონაში ჩრდილოეთის ირმებზე ნადირობა ვიკინგების ხანის დასაწყისამდე (ახ. წ, 800 წ) გაძლიერდა.
კვლევა ჟურნალ Holocene-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.