„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობის რეჟიმი სამი თვით გახანგრძლივდა
„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობის რეჟიმი სამი თვით გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ) მიიღო. სპეცმმართველის თანამდებობას 2019 წლის პირველ აპრილამდე გიგლა თამაზაშვილი შეინარჩუნებს.
როგორც ცნობილია, თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას ახალი მფლობელი ჰყავს. ამასთან, მოხდა ძველი დავალიანებების გაქვითვა და საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მორიგებით დასრულდა. კომპანიაში სპეციალური მმართველობის რეჟიმი 2009 წლის შემდეგ მოქმედებს.
„ახალმა მესაკუთრემ მოგვმართა რეჟიმის ცვლილების მოთხოვნით. ჩვენ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში გავგზავნეთ წერილები დადასტურების თხოვნით, რომ ვალი დაფარულია, მორიგება „ყაზტრანსგაზთან“ საარბიტრაჟო საქმეზე მიღწეულია. წერილების და დადასტურებების ნაწილი უკვე მიღებული გვაქვს. ნაწილს ველოდებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 40 მილიონ დოლარად კომპანიამ WALTBAY-მ შეიძინა, რომელიც ქართულ საინვესტიციო ჯგუფ CBS-ს ეკუთვნის.