„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა მხოლოდ აპრილში 7 281 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს
უსაფრთხოების მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც ერთხელ უკვე ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები.
კომპანიის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა მხოლოდ აპრილში 7 281 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს.
„აღმოჩნდა, რომ აბონენტების დიდ ნაწილს, ქსელიდან გათიშვის შემდეგ, კვლავ თვითნებურად ჰქონდათ მიერთებული გაზის ღია კამერიანი აკრძალული დანადგარები, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე მეზობლებს. ასევე არ ითვალისწინებენ კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციებს და კვლავ კუსტარულად აერთებენ ღია კამერიან წყლის დანადგარებს, რომლის საცხოვრებელ ფართში მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია. ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი და გაზის გამათბობელი იწვევს CO-ს (ცეო) გამოყოფას და უნებლიე სიკვდილს.
ყოველი თვის ბოლოს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თვის სტატისტიკას ავრცელებს დედაქალაქის უბნების მიხედვით. მაგალითად ბოლო, აპრილის თვის სტატისტიკით ყველაზე მეტი, უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი სამგორის, ჩუღურეთის და სანზონის რაიონებში დაფიქსირდა. მხოლოდ აპრილში კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 7281 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში, ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“.