„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - ბინაში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, აკრძალული წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული
თბილისში, CO-თი ორი პირის გარდაცვალების ადგილის დათვალიერების შემდეგ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი აღმოაჩინეს, რისი მოხმარებაც სახლში კატეგორიულად აკრძალული და საშიშია.
ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ორი ადამიანი გარდაიცვალა წუხელ პეკინის გამზირის 14ბ-ში მდებარე ერთერთ საცხოვრებელ ბინაში. ჩვენმა სპეციალისტებმა ადგილზე დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი რისი მოხმარებაც სახლში კატეგორიულად აკრძალული და საშიშია. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გაზგაყვანილობის გეგმიური შემოწმების მიზნით აღნიშნულ მისამართზე რამდენიმეჯერ იმყოფებოდნენ. თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბინის შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგან კარი არავინ გააღო.
გასული წლის ოქტომბრიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ სოციალური კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მედია საშუალებებით, არაერთგზის გავაფრთხილეთ მომხმარებლები, რომ ღია კამერიანი გაზის გამაცხელებლები და გამათბობლები სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის. აგრეთვე არაერთგზის ვთხოვეთ მომხმარებლებს, რომ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე (114) და მოითხოვონ ნაქირავები ან დაგირავებული ბინების შემოწმება, რადგან უბედური შემთხვევების უმეტესობა სწორედ ასეთ ბინებზე მოდის. აღნიშნული ტრაგედიაც სწორედ ნაქირავებ ბინაში მოხდა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უმორჩილესად გთხოვთ, გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლეს. უარი თქვით ღია კამერიან დანადგარებზე და გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რჩევები“, – აცხადებენ კომპანიაში.
თბილისში, პეკინის ქუჩაზე, გარდაცვლილები უცხოეთის მოქალაქე ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ბინა მათ რამდენიმე დღით ჰქონდათ დაქირავებული. როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პრიმა მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.