„ყაზტრანსგაზ თბილისი“ აბონენტების შემოწმების შედეგებს და ვიდეომასალას ავრცელებს
თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, მაისში დედაქალაქის მასშტაბით განმეორებითი შემოწმების შემდეგ 3828 აბონენტს ქსელიდან ჩაუჭრეს ღიაკამერიანი აკრძალული წყლის გამაცხელებლები, ე.წ. კალონკები.
როგორც „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აცხადებენ, ყველაზე მეტი დარღვევა სამგორის რაიონში დაფიქსირდა, სადაც გაზის სპეციალისტებმა 891 აბონენტს განმეორებით ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი, ღიაკამერიანი წყალგამაცხელებელი. მათ ერთხელ უკვე ჩაჭრილი ჰქონდათ მკვლელი გაზდანადგარები, თუმცა თვითნებურად დააერთეს ქსელზე, რითაც საფრთხე შეუქმნეს როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც.
ისანსა და ვაზისუბანში 605 აბონენტს ჩაუჭრეს მკვლელი დანადგარი ქსელიდან, გლდანში – 427, სანზონაში – 374, ჩუღურეთში – 269, დიდუბეში – 249, საბურთალოზე – 231 აბონენტს, კრწანისში – 227, ნაძალადევის რაიონში 138 მკვლელი დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან, ნუცუბუძეზე – 103, მთაწმინდა – 125, დიღომი – 98, ვაკეში – 75 და წყნეთში 16 მკვლელი დანადგარი ჩაჭრეს ქსელიდან.
კომპანია ასევე ავრცელებს აბონენტების განმეორებითი შემოწმებისას გადაღებულ ვიდეომასალას. როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, ერთ-ერთი აბონენტი, რომელიც გაზის სპეციალისტებს არ აძლევდა უფლებას, ქსელიდან ჩაეჭრათ კუსტარულად დამონტაჟებული ღიაკამერიანი მკვლელი დანადგარი, ამბობს – რომ მას აქვს უფლება, სახლში ჰქონდეს მკვლელი დანადგარი.