ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაზუსტებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა
6 ივნისს, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე“, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
„შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, – აცხადებენ შსს-ში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ფოტო შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.