ყაზბეგის მოსახლეობას გუშინ, გვიან ღამით სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების შედეგად, დაბას წყალი შეუფერხებელ რეჟიმში მიეწოდება.
მათივე ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს რთული რელიეფისა და სათავე ნაგებობასთან რთულად მისადგომი ადგილების გამო, მძიმე პირობებში უხდებოდათ მუშაობა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, გვიან ღამით დასრულდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები წყლის მაგისტრალურ მილსადენზე, მოწესრიგდა არსებული ინფრასტრუქტურაც.
წყალმომარაგების აღდგენამდე, სამი დღის განმავლობაში კომპანია წყალმზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა. ამასთან, წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ტურისტული ობიექტებიც მარაგდებოდა.
ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და საავარიო ჯგუფები.
ყაზბეგში, წარმოქმნილმა ღვარცოფმა წყალმომარაგების სათავე ნაგებობა და მაგისტრალური მილსადენი მნიშვნელოვნად დააზიანა, შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს სამი დღის განმავლობაში წყალმომარაგება შეუწყდა.