თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებამ პირველი პაციენტი უკვე მიიღო. ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე თბილისში ჩასვლა უწევდათ. დღეიდან პაციენტები სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

თიანეთის კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იმყოფებოდა. აზარაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვიზებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, მხოლოდ მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში 5 დიალიზის ცენტრი გაიხსნა. მისივე თქმით, 2023 წელს დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ჯანდაცვის მინისტრი თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმებსაც შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა მედიკოსებს რეგიონში სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 50 %-მდე გაიზარდა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალის ხელფასებიც.

ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში დიალიზის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით მუშაობას განაგრძობს. რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის ახალი კაბინეტების გახსნა ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წლის აპრილში დააანონსა. 5 მუნიციპალიტეტში სერვისი სახელმწიფო დაფინანსებით უკვე ხელმისაწვდომია. მესტიის, ამბროლაურისა და ლანჩხუთის შემდეგ, დიალიზის კაბინეტები ყაზბეგსა და თიანეთშიც ყოველდღიურ რეჟიმში იფუნქციონირებს. პროგრამის მომდევნო წლის ბიუჯეტი 56 მილიონი ლარია.

თიანეთის მუნიციპალიტეტში, ზურაბ აზარაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გიორგი აბაიაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და თიანეთის მერი ლევან წიკლაური იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.