„ყაზბეგის“ მიმართულებით რუსეთი სატვირთო მანქანების მიმოსვლას შეზღუდული რეჟიმით ახორციელებს
„ყაზბეგის“ მიმართულებით რუსეთი სატვირთო მანქანების მიმოსვლას შეზღუდული რეჟიმით ახორციელებს

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მეექვსე დღეა, შეფერხებით მუშაობს. ნაცვლად 400-500 სატვირთო ავტომობილისა, გამშვები პუნქტი 24 საათის განმავლობაში 240-მდე მანქანას ატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი, ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა.

„ქართული მხარის შეთავაზების მიუხედავად, დღე-ღამის განმავლობაში, სატვირთო მანქანების გადაადგილების მიმართულების შეცვლის სქემის გამოყენების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს პარალელურად მსუბუქი ავტომანქანების შეუფერხებლად გადაადგილებას, ასევე გამტარი ზოლების სრულად გამოყენებას, რაც ასევე რუსული მხარის მიერ შეზღუდულია, რუსული მხარე კვლავაც მხოლოდ ერთი გამტარი ზოლის (გეითის) გამოყენებით ახორციელებს სატვირთო მანქანების გატარებას“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, საქართველოს მხარეს რუსეთის მიმართულებით გადაადგილების მიზნით, 600-ზე მეტი სატვირთო მანქანაა გაჩერებული.