ყაზბეგის მერის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება
ყაზბეგის მერის,ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.
როგორც მერმა განაცხადა, ადგილზე დახმარება უკვე გაეწია ასამდე ადამიანს.
„მოგეხსენებათ 11 იანვრიდან, ჯვრის უღელტეხილის კობი-გუდაურის მონაკვეთი ჩაკეტილია ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო. ადამიანებს, რომლებიც ყაზბეგის მიმართულებით ჩარჩნენ, გუშინ დავეხმარეთ საკვები პროდუქტებით, დაახლოებით 100-მდე ადამიანია ასეთი, 14 ადამიანი გადავიყვანეთ სასტუმროში. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები კობი – გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის ჩართვისთვის. იცით, რომ ამ დღეების განმავლობაში ვერ მოხერხდა ჩართვა, ვინაიდან იყო ძლიერი ქარი. მიმდინარეობს სამუშაოები რომ მოსახლეობა გადავიყვანოთ. რთული სიტუაციაა უღელტეხილზე, შესაბამისად ძნელი იქნება საუბარი, როდის აღდგება მოძრაობა, გააჩნია, თუ შეგვიწყობს მეტეოროლოგიური ვითარება ხელს, თავისთავად დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, – განაცხადა ზაგაშვილმა.