ყაზახეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი - დასავლეთმა ყაზახეთი მოსკოვის ორბიტიდან უნდა გამოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი მეთოდურად განახორციელებს თავის პროგრამას
დასავლეთმა ყაზახეთი მოსკოვის ორბიტიდან უნდა გამოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყაზახეთი ბელარუსად გადაიქცევა და ვლადიმერ პუტინი ცენტრალურ აზიაში მეთოდურად განახორციელებს თავის პროგრამას საბჭოთა კავშირის მსგავსი სტრუქტურის შესაქმენლად, – ამის შესახებ ყაზახეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა მუხთარ აბლიაზოვმა „როიტერთან“ განაცხადა.
ყოფილი ბანკირი, რომელსაც ყაზახეთის მართლმსაჯულებამ დაუსწრებლად, თაღლითობის ბრალდებით 20 წლის ვადით თავისუფლების შეზღუდვა შეუფარდა, ახლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საფრანგეთიდან აკვირდება.
„რუსეთი უკვე შესულია. მან შეიარაღებული ძალები გაგზავნა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ეს რუსეთია. ეს ოკუპაციაა რუსეთის მიერ. როდესაც აქციის მონაწილეთა რიცხვი საჭირო დონეს მიაღწევს, როდესაც რეზიდენციას აიღებენ, დავბრუნდები და გარდამავალ მთავრობას ჩავუდგები სათავეში. ამისათვის ჩვენ გვყავს მხარდამჭერები, ყაზახეთში ჩვენი აქტივისტები, რომლებიც მელოდებიან და მხარს მიჭერენ. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც იცის მართვა. გარდამავალი მთავრობის გაძღოლას ექვსი თვით ვაპირებ, შემდეგ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და გავაუქმებთ პრეზიდენტის სტატუსს, შეიქმნება საპარლამენტო რესპუბლიკა პრეზიდენტის გარეშე. ეს არის სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა აბლიაზოვმა.