ყავის სმა დრამატულად ამცირებს ნაწლავების კიბოს განმეორების რისკს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ყავის სმა დრამატულად ამცირებს ნაწლავების კიბოს განმეორების რისკს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის მიხედვით, ყავის მოყვარულებს ნაწლავებში სიმსივნური ქსოვილების ხელახლა ზრდის ნაკლები რისკი აქვთ.

ნიდერლანდებში, 1719 ადამიანზე ჩატარებული დაკვირვებითი კვლევის მიხედვით, ნაწლავების კიბის (კოლორექტალური) მქონე იმ პაციენტებს, რომლებიც დღეში სულ მცირე ორ ფინჯან ყავას სვამენ, მომავალში ამ დაავადების გამეორების შანსი ნაკლებად აქვთ. ამას გარდა, დღეში რამდენიმე ფინჯანი ყავის დალევა ამცირებდა მათი ადრეული სიკვდილის შანსებსაც.

ასე იყო არა ყველა პაციენტში, არამედ ნაწლავების ბოლო სტადიის კიბოს მქონეებში, რომლებიც კვლევის ანალიზებში არ შედიოდნენ.

დღეისათვის, ნაწლავების კიბო პაციენტთა 30 პროცენტს მკურნალობის შემდეგ კვლავ უვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ნიდერლანდებში ჩატარებული კვლევის შედეგებს სხვა უფრო დიდი კვლევებიც დაადასტურებს, ერთ მშვენიერ დღეს, ყავა შეიძლება კიბოს ზოგიერთი პაციენტისთვის სასიცოცხლო სამკურნალო საშუალება გახდეს.

ნაწლავის კიბოს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც დღეში ორ ფინჯანზე ნაკლებ ყავას სვამდნენ, კვლევის იმ მონაწილეებს, რომლებიც დღეში სულ მცირე ხუთ ჭიქა ყავას სვამდნენ, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში დაავადების დაბრუნების შანსი 32 პროცენტით ნაკლები ჰქონდათ.

დროის იმავე მონაკვეთში, ასევე გამოიკვეთა თვალშისაცემი კავშირი პაციენტის მიერ მოხმარებულ ყავის ოდენობასა და სიკვდილის რისკს შორის. ასე იუწყება მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც ნიდერლანდების ვაგენინგენის უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ.

დღეში 3-5 ფინჯანი ყავა დაკავშირებული იყო ზოგადად სიკვდილიანობის ძალიან დიდად შემცირებით — მაჩვენებლის პიკი 29 პროცენტს აღწევდა იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც დღეში ორ ჭიქაზე ნაკლებ ყავას სვამენ. თუმცა, დღეში ხუთ ფინჯანზე მეტის შემდეგ, პიკი ვარდებოდა.

შედეგები მიუთითებს, რომ რაც შეიძლება მეტი ყავის დალევა კიბოს პაციენტების შანსებს არ აუმჯობესებს და პირიქით, უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის სხვა ასპექტებზე.

ნიდერლანდებში ჩატარებული კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც შეისწავლა ყავის სმის გავლენა ნაწლავის კიბოს პაციენტების არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ რეციდივის მაჩვენებლებზე.

ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ ერთ სხვა კვლევაში ეძებდნენ, რომელშიც ყავის სმასა და კიბოს ხელახლა განვითარებას შორის კავშირს ვერ მიაგნეს. თუმცა, ის კვლევა ფოკუსირებული იყო მხოლოდ მსხვილი ნაწლავის III სტადიის კიბოს მქონე პაციენტებზე. ნიდერლანდებში ჩატარებულ ახალ კვლევაში კი ნაწლავის კიბოს I-დან III სტადიის მქონე პაციენტები შეისწავლეს.

სამწუხაროდ, მათ ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელი იყო სიკვდილის კონკრეტული მიზეზის შეფასება და შესაბამისად, შეუძლებელია ითქვას, ნიდერლანდებში ყავის მსმელების გადარჩენის მაჩვენებელი კონკრეტულად ნაწლავის კიბოთი სიკვდილის რისკს ამცირებს თუ საქმეში სხვა დამცავი ეფექტია ჩართული.

მაგალითად, ზოგიერთი კვლევა ყავის ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს უკავშირებს გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. სხვა კვლევების მიხედვით კი, ყავის სმა შეიძლება გვიცავდეს კანის, ღვიძლის, საშვილოსნოს, პროსტატის და პირის ღრუს კიბოს ზოგიერთი ტიპისგან.

„მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს ყავის მოხმარების პოტენციურ ბენეფიტებს კიბოს რეციდივთან მიმართებაში, ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის“, — წერენ მკვლევრები.

კვლევების უმეტესობა წმინდად დაკვირვებითი ხასიათისაა, მაგრამ კავშირზე ყავასა და დიდხანს სიცოცხლეს შორის მსოფლიოს სხვა რეგიონებში ჩატარებული კვლევებიც მიუთითებს.

მაგალითად, 2018 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნაწლავის კიბოს იმ პაციენტებს, რომლებიც დღეში ოთხ ფინჯანზე მეტ ყავას მოიხმარდნენ, 30 პროცენტით დაბალი ჰქონდათ სიკვდილის რისკი, ვიდრე მათ, ვინც ყავას საერთოდ არ სვამდნენ.

იმავე კვლევამ ასევე დაადგინა, რომ დღეში ოთხ ფინჯანზე მეტი ყავის დალევა ნებისმიერი სტადიის ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტთა სიკვდილიანობის რისკს 54 პროცენტით ამცირებს, მათ შორის, მოწინავე სტადიებშიც.

„ჩვენი შედეგებიც ასეთივეა… მიუხედავად ყავის მომზადებისა და სერვირების პოტენციურად განსხვავებული მეთოდებისა“, — წერენ მკვლევრები.

მაგალითად, ნიდერლანდებში სტანდარტული ყავის ჭიქა ზომით ამერიკული ჭიქის ნახევარია.

შესაძლოა, ყავას ასე მძლავრი თერაპიული ეფექტი იმიტომ აქვს, რომ ააქტიურებს იმ მეტაბოლურ გზებს, რომლებიც ჟანგვით სტრესს ამცირებს. ასევე შესაძლებელია, რომ ის ნაწლავის მიკრობიომს ისე ცვლის, რომ ხელს უშლის კიბოს გამრავლებას. კიბოს წინააღმდეგ სხეულის ბრძოლის უნარის გაუმჯობესების კიდევ ერთი გზა, რომელსაც ყავა უზრუნველყოფს, შეიძლება იყოს ღვიძლის სიმძლავრის ზრდა.

ყველა ვარიანტში, დამატებითი კვლევებია საჭირო.

კვლევა International Journal of Cancer-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.