საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის დროს დაჭრილი ქალი გარდაიცვალა.
ელზა გამყრელიძეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული და თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თვენახევრის განმავლობაში ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სოფელ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია ამოღებული.