საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში 18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.