ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქუთაისი-ნურ-სულთანის ავიარეისით დღეს საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება
ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქუთაისი-ნურ-სულთანის ავიარეისით დღეს საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დამატებით გაცნობებთ რომ ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს სამი მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განმარტავს, რომ ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზუსტი აღრიცხვა რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, ისინი იმყოფებოდნენ ყაზახეთის ტერიტორიაზე, თუმცა არ ჰქონდეთ საელჩოსთან კავშირი.
„განსხვავებულია ციფრი იმ მოქალაქეებისა, ვინც იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და განსხვავებული რაოდენობის მოქალაქეები შეიძლება იმყოფებოდნენ უშუალოდ ქვეყნის ტერიტორიაზე ფიზიკურად. ამიტომ საელჩოს ამოქმედებული აქვს ცხელი ხაზი და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები იმისთვის, რომ მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ყაზახეთის ტერიტორიაზე, გავიდნენ კავშირზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან.
საელჩოს მხრიდან დახმარება ამ დროისთვის ითხოვა საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ, რომელთაც გავუწიეთ აღნიშნული დახმარება. საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება დღეს საქართველოში. ასევე აქტაუს რეისზე ბილეთი შეძენილი აქვს საქართველოს 60-მდე მოქალაქეს და ეს რეისი თუ შესრულდა, იმედია, ისინი ისარგებლებენ ამით. ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ ეს 60-მდე მოქალაქე უშუალოდ ქალაქ აქტაუში იმყოფება. რეისი აქტაუდან უნდა შესრულდეს, მაგრამ შესაძლებელია ამ რეისით ისარგებლონ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც მიმდებარე ქალაქებში არიან. ეს რეისი წესით უნდა შესრულდეს, რადგან ის ჩანიშნულია, მაგრამ ასეთი მოლოდინი იყო ქუთაისის დღევანდელ რეისზე, რომელიც რამდენიმე დღე გადაიდო და სწორედ დღეს სრულდება.
საქართველოში დაბრუნებაში დახმარების თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა ვინც მოგვმართეს, მათ მიეწოდათ ინფორმაცია უკვე დაგეგმილი რეისი თაობაზე და შესაბამისად, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას დაბრუნების შესახებ. დანარჩენ მოქალაქეებს, ვისთანაც საელჩოს აქვს კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებენ აღნიშნულ დახმარებას, საელჩო გაუწევს მათ რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, მოხერხდეს სამშობლოში დაბრუნება“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.