წყნარი ოკეანის დღეები დათვლილია — ამის შესახებ დედამიწის მუდმივად მოძრავი ტექტონიკური ფილების ახალი სუპერკომპიუტერული სიმულაცია მიუთითებს.
კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენი პლანეტის უძველეს ოკეანეს წინ კიდევ 300 მილიონი წელიწადი დარჩა. თუ იღბლიანი აღმოჩნდა, წყნარმა ოკეანემ შეიძლება მილიარდი წლის იუბილეც აღნიშნოს, ვიდრე საბოლოოდ გაქრება.
თუმცა, ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის მკვლევრები ფიქრობენ, რომ იქამდე ეს ოკეანე გაქრება.
სიცოცხლის ბოლო წლებში, ძნელი იქნება იმის წარმოდგენა, რომ წყნარო ოკეანე ერთ დროს უზარმაზარი, ცისფერი წყლის მასა იყო. ყოველწლიურად ამ ოკეანის ფართობი რამდენიმე სანტიმეტრით მცირდება და ეს პროცესი იმ დროიდან მოყოლებული მიმდინარეობს, როდესაც ის სუპერკონტინეტნ პანგეას გარშემორტყმულ სუპეროკეანეს წარმოადგენდა.
ამ უძველეს ოკეანეში მრავალი სუბდუქციური ზონაა, ანუ ადგილები, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება და ერთმანეთს თავზე გადაედება. „ცეცხლოვანი სარტყლის“ სახელით ცნობილი ეს ადგილები ოკეანის ფსკერზე ზუსტად იგივე როლს ასრულებს, რასაც სააბაზანოს სადრენაჟო მილები.
ყოველწლიურად, წყნაროკეანური ფილა რამდენიმე სანტიმეტრით ცურდება ევრაზიის ფილისა და ინდო-ავსტრალიური ფილის ქვეშ, რითაც მცირდება მანძილი ჩრდილოეთ ამერიკას, აზიასა და ავსტრალიას შორის.
ყველა მეცნიერს ერთნაირი აზრი არ აქვს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ან როგორ ჩამოყალიბდება მომავალი სუპერკონტინენტი, მაგრამ მრავალი სხვადასხვა სიმულაციის მიხედვით, წყნარი ოკეანე განწირულია.
ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მომავალში შეკუმშვა შეიძლება დაიწყოს ატლანტის ოკეანემაც, რომელიც ამჟამად ფართოვდება; შესაბამისად, შეიძლება წარმოიქმნას სუპერკონტინენტი, რომელსაც სუპერ წყნარი ოკეანე ექნება გარშემორტყმული, მაგრამ ამ სცენარს კურტინის უნივერსიტეტის მკვლევრები არ ეთანხმებიან.
ისინი ამტკიცებენ, რომ პანგეას მსგავსი მეორე სუპერკონტინენტის (იგივე პანგეა პროქსიმა) წარმოქმნის ნაცვლად, მსოფლიოს ელოდება სუპერკონტინენტი, სახელად ამაზია, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკა აზიას იქნება შეჯახებული.
საბრალო ავსტრალია ამ სახელს მიღმა რჩება, მაგრამ 4D გეოდინამიკური მოდელების მიხედვით, სამხრეთ ნახევარსფეროს კონტინენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს წყნარი ოკეანის დარჩენილი ნაწილის შთანთქმაში.
ავსტრალიელ მკვლევართა ახალი სიმულაციები ეფუძნება ამჟამინდელი და წარსულის ფილებისა და მანტიის რეალისტურ პარამეტრებს, რომლებიც შემდეგ სუპერკომპიუტერმა გამოიყენა მომავლის პროგნოზირებისთვის.
„გასული ორი მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწის კონტინენტები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, თავს ერთად იყრიდნენ და ყოველ 600 მილიონ წელიწადში ერთხელ წარმოქმნიდნენ სუპერკონტინენტს, რასაც სუპერკონტინენტუს ციკლს უწოდებენ“, — ამბობს კვლევის ავტორი, დედამიწის მეცნიერი ჩუან ჰუანგი.
მისი განცხადებით, სუპერკომპიუტერით საშუალებით შექმნეს დედამიწის ტექტონიკური ფილების მოსალოდნელი განვითარების სიმულაცია, რომელმაც აჩვენა, რომ წყნარი ოკეანის დახურვამდე 300 მილიონ წელზე ნაკლები დარჩა, რის შედეგადაც წარმოიქმნება კონტინენტი ამაზია; სიმულაციამ დაადასტურა რამდენიმე წინა თეორია.
ზოგიერთი სხვა სუპერკონტინენტური სიმულაციისგან განსხვავებით, ახალი სიმულაცია მიუთითებს, რომ ამაზიის წარმოქმნით განადგურდება წყნარი ოკეანე და არა ატლანტის ოკეანე ან კარიბის ზღვა.
ამჟამინდელ მოდელში, ამაზია მაშინ ჩნდება, როდესაც ოკეანის ქერქის ზედა შრის დასუსტების გამო წყნარი ოკეანე დაიხურება.
„ამაზიის წარმოქმნით, დედამიწა, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ, დრამატულად შეიცვლება. ზღვის დონე დაიწევს, სუპერკონტინენტის ვრცელი შიდა ნაწილი კი ძლიერ მშრალი და დღის მაღალი ტემპერატურული დიაპაზონის მქონე იქნება“, — ამბობს დედამიწის მეცნიერი ჟენგ-სიანგ ლი.
თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი უახლესი კვლევაა სუპერკონტინენტთა სიმულაციების გრძელ სერიაში, რომელთაგან ყველა ცდილობს იმის პროგნოზირებას, თუ როგორი იქნება ჩვენი პლანეტა მომავალში.
ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე მოდელმა დებატები დაასრულოს, მაგრამ ეს ერთადერთი მოდელი არ არის, რომელიც წყნარი ოკეანის გაქრობას პროგნოზირებს.
ერთ-ერთ სცენარში, რომელშიც წარმოიქმნება სუპერკონტინენტი, სახელად ნოვოპანგეა, ამერიკის კონტინენტი ჯერ ანტარქტიდას ეჯახება, შემდეგ კი ევრაზიას და აფრიკას. წყნარი ოკეანე ამ სცენარშიც ქრება, მაგრამ სხვა გზით.
სუპერკონტინენტის კიდევ ერთ სცენარში, სახელად ავრიკა, იხურება როგორც წყნარი, ისე ატლანტის ოკეანეები და მათ ნაცვლად ჩნდება ახალი ოკეანის აუზი.
რაც არ უნდა იყოს შედეგი, ერთი რამ აშკარაა: დედამიწა და მისი ოკეანეები არასოდეს იქნება უცვლელი.
კვლევა National Science Review-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.