წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც ადვოკატმა თეონა გვაზავამ განაცხადა, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„ბრალდებული არ ეთანხმება ბრალდების შინაარსს და ცალსახად განმარტავს, რომ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება მისი მხრიდან არ განხორციელებულა. თანხა, რომელიც მითითებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, არ წარმოადგენს ქრთამის საგანს, რადგან ეს თანხა მან მიიღო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა მასა და ირანელ ბიზნესმენს შორის. შესაბამისად, გარკვეული დროის შემდეგ წარმოიშვებოდა ვალდებულება, რომ დაებრუნებინა 250 000 ლარი“, – განაცხადა თეონა გვაზავამ.

სასამართლო წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარ​ისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

სუს-მა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა.