სასამართლო წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისა და ვაკის გამგებლის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისა და ვაკის გამგებლის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულის, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულის, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქმის პროკურორის, ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, არსებობენ მოწმეები, რომელიც დაკავებულების ბრალს ადასტურებენ.

„არსებობს ვარაუდი, რომ ისინი ხელს შეუშლიან გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებაში. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ პატიმრობას.

არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეები, რომლებიც ბრალს ადასტურებენ. მოწმე არის უცხოელი ინვესტორიც და სხვა თანამშრომელი. სწორედ ვაკის გამგებლის მოადგილემ დააკავშირა ინვესტორი და წყალტუბოს რაიონის გამგებელი“,- განაცხადა პროკურორმა.

გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.​ ივანეიშვილის ადვოკატი 400 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს.

რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას, ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს.