სასამართლო წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისა და ვაკის გამგებლის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
სასამართლო წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისა და ვაკის გამგებლის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდების მხარე ორივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ. გრიგოლ ივანეიშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს 300 000 ლარის ოდენობით გირაოს შესთავაზებს.

„ჩვენ, დაცვის მხარემ ამ საქმეში დავინახეთ არა დანაშაული, არამედ უბრალოდ სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელიც კონკრეტულად დადებული იყო ორ პირს შორის. ამასთან დაკავშირებით ყველაფერი მოცემულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში, თუ როგორ ესაუბრება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტულ პიროვნებას კონკრეტულ სასესხო ხელშეკრულებებზე, ნასყიდობაზე და გირავნობაზე. ის არ საუბრობს, რომ მას სჭირდება მისგან რაიმე თანხა საერთოდ. შესაბამისად, დაცვის მხარის შეფასებით, აღნიშნულ ქმედებაში არ იკვეთება ქრთამის აღების დანაშაულებრიობა. ერთია საკითხი, რამდენად შეიძლება იყოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა, მაგრამ ყველა ასეთი ბლანკეტური ნორმის დარღვევა აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს არის ქრთამის აღება“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

მისივე თქმით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნამ შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს, რაც ვეღარ აღმოიფხვრება გათავისუფლების შემთხვევაში.

რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას, ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს. ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა.