წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოწამვლის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომელიც სოფელ გეგუთში იმყოფება.
მისი თქმით, ამ დროისთვის ჩატარებული ანალიზის პასუხები აღნიშნულ შედეგს აჩვენებს.
„მოწამვლას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ეს არის ტიპური ნაწლავური ინფექცია. საქმე გვაქვს შიგელოზთან, ანალიზების რამდენიმე პასუხი ცნობილია. რაც შეეხება რაოდენობას, სულ ჰოსპიტალიზებული იყო 26 ბავშვი. დღეს კი, გაცილებით ნაკლებია კლინიკებში“, – განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს კარდაკარ ჩამოვლა იმის დასადგენად, სახლის პირობებში ხომ არ ჩაუტარეს რომელიმე მცირეწლოვანს მკურნალობა.
რაც შეეხება ინფექციის გამომწვევ მიზეზს, იმნაძის თქმით, ტარდება შესაბამისი კვლევა და მოწმდება საკვები, რომლითაც საბავშვო ბაღები მომარაგდნენ.
„მიზეზზე საუბარი ადრეა. მიმდინარეობს კვლევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იკვლევენ ყველა პროდუქტს, რომელიც მიწოდებული იყო აღნიშნულ საბავშვო ბაღებში. გადაწყდა, რომ კვლევის პასუხამდე, ბაღებში სწავლა შეჩერდეს“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, ინფექციის გამოწვევა სხვადასხვა პროდუქტს შეეძლო, რომელიც კვლევის შედეგად დაზუსტდება.
„შიგელოზი არის ნაწლავური ინფექცია. რომელმა პროდუქტმა გამოიწვია, ზეპირად თქმა არ შეიძლება. მრავალ პროდუქტს შეეძლო გამოეწვია და ამის დასადგენად კვლევა ტარდება. საუბარია იმაზე, რომ წარმოების დონეზე შესაძლებელია, მოხდა საკვები პროდუქტის დაბინძურება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რამდენიმე დღის წინ მოიწამლნენ. ბავშვები ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ მკურნალობენ. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გეგუთის გარდა, მსგავსი ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა.