ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, ოზურგეთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების საკვები პროდუქტებით მოწამვლა გამოირიცხა
ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, ოზურგეთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების საკვები პროდუქტებით მოწამვლა გამოირიცხა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, ოზურგეთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების საკვები პროდუქტებით მოწამვლა გამოირიცხა.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს წლის გამოკვლევა, რომლის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„თემის სიმწვავიდან და აქტუალობიდან გამომდინარე ვეხმაურებით ოზურგეთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების საკვებით ინტოქსიკაციის საკითხს.

ვაქვეყნებთ ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლებითაც დასტურდება, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლა კვების პროდუქტებს არ გამოუწვევია, რაზეც აპელირებდა ზოგიერთი მედიასაშუალება და რამაც აღსაზრდელების მშობლებისა და საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა კვების ყველა პროდუქტს და ინვენტარს.

მიმდინარეობს წყალზე დამატებითი, ფართო სპექტრის კვლევაც, რომლის შედეგებსაც უახლოეს დღეებში გაგაცნობთ.

გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება, რომ ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით შედის“, – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან მეორე დღეს, 16 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 80-მდე აღსაზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდა. აღნიშნულის გამო ოზურგეთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეწყდა.

დატოვე კომენტარი