წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამომ“ „ვასპო ჰანოვერთან“ სამი ბურთის სხვაობით წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში ერთმანეთს ჯგუფის აუტსაიდერები თბილისის „დინამო“ და „ვასპო ჰანოვერი“ შეხვდნენ – თამაში სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 14:11.
დინამო: რაზმაძე, გიორგაძე, ახვლედიანი (1), ძიხტიარენკა (2), ტყეშელაშვილი, ვლაჰოვიჩი (2), ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (2), მალიშაუ, პიეშივაცი (1), გვეტაძე
ქართველმა წყალბურთელებმა თამაში ცუდად დაიწყეს. პირველი მეოთხედი ისე მიილია, დინამოელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, საკუთარ კარში კი 3 მიიღეს.
გაცილებით უკეთესად ჩაატარეს ჩვენმა წყლბურთელებმა მეორე მეოთხედში, ორი წუთით ადრე სხვაობა მინიმუმადეც შეამცირეს (4:5), თუმცა შემდეგ სტუმრებმა შედეგიანი შეტევები განახორციელეს და საბოლოოდ პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა – 8:5.
თანაბარი ორთაბრძოლით წარმართა მესამე მეოთხედი, გუნდებმა 2-2 გოლის გატანა შეძლეს – გადამწყვეტი მეოთხედის წინ „ჰანოვერის“ წყალბურთელები კვლავ 3-ბურთიან უპირატესობას ფლობდნენ.
მეოთხე მეოთხედიც უკეთ სტუმრებმა ჩაატარეს, საბოლოოდ კი შეხვედრის დასაწყისში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 14:11.
მომდევნო მატჩს თბილისის „დინამო“ კვლავ თბილისში გამართავს, ჩვენი გუნდის მეტოქე იტალიის „პრო რეკო“ იქნება.
შესვენებაზე ლეგენდარულ ქართველ წყალბურთელს, საქართველოს წყალბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტსა და ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ისელიძეს 75 წლის იუბილე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.