წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში თბილისის „დინამო“ „ბარსელონეტასთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი სტუმრად ესპანეთში „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ ჩაატარა და 6:13 დამარცხდა. დინამოელთაგან გოლები საბა ტყეშელაშვილმა, ხვიჩა ჯახაიამ, გიორგი მაგრაქველიძემ, ბესიკ ახვლედიანმა და სტეფან პიეშივაცმა (2) გაიტანეს.

შეხვედრის პირველი მეოთხედი ქართველმა წყალბურთელებმა მინიმალური ანგარიში 1:2 წააგეს. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა მატჩის მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიც. „ბარსელონეტამ“ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა (6:2) და საბოლოოდ შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანაც აღარ გასჭირვებია.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება „დინამომ“ ორი მოგებით დაასრულა და ჯგუფში ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილი დაიკავა. პლეი ოფის საგზურები A ჯგუფიდან „ბარსელონეტამ“, „პრო რეკომ“, „ოლიმპიაკოსმა“ და „იადრანმა“ მოიპოვეს, B ჯგუფიდან კი მომდევნო ეტაპზე „ბრეშა“, „ნოვი ბელგრადი“, „ფერენცვაროში“ და „დუბროვნიკი“ ითამაშებენ.