წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | „დინამოს“ ისტორიული გამარჯვება - თბილისელებმა საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
წყალბურთის გუნდმა თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების გათამაშებაში ბოლო შეხვედრა გამართა. დინამოელებმა ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლეს და 14:13 დაამარცხეს.
ბერძნული კლუბი შეხვედრის ფავორიტი იყო. მასში ტოკიო 2020-ის ვერცხლისმედალოსანი ცხრა წყალბურთელი თამაშობდა, თუმცა „დინამომ“ თავიდანვე კარგად დაიწყო, 3:0 დაწინაურდა და მეტოქეს დაანახა, რომ არაფრის დათმობას აპირებდა.
„ოლიმპიაკოსმა“ მეორე პერიოდში თამაში გამოასწორა, გათანაბრებაც მოახერხა და ბოლო წამებამდე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა.
გადამწყვეტ მომენტში დინამოელებმა კვლავ მაღალ დონეზე ითამაშეს, 14:13 დაწინაურების შემდებ თავი კარგად დაიცვეს და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
დინამო – ოლიმპიაკოსი 14:13
დინამო: ელაჩა (2 გოლი), სარიჩი (4), მესხი (1), ტყეშელაშვილი (1), ადეიშვიი (2), ვასიჩი (3), ბითაძე (1), შუბლაძე, ქავთარაძე, ძიხციარენკა, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, რაზმაძე.
ამ მატჩით „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაასრულა. რვაგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო კვარტეტი გავიდა. თბილისელები ორი მოგებით მერვე ადგილზე გავიდნენ. პლეი ოფში ითამაშებენ „ბრეშა“ (იტალია), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი) და „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი).