წონაში კლების ექსპერიმენტულმა პრეპარატმა ცდებში რეკორდული შედეგები აჩვენა — #1tvმეცნიერება
წონაში კლების ექსპერიმენტულმა პრეპარატმა ცდებში რეკორდული შედეგები აჩვენა — #1tvმეცნიერება

ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომლის ეფექტებს ჭარბწონიან ადამიანებზე კლინიკურად სწავლობდნენ, მონაწილეებში წონის რეკორდული კლება აჩვენა, ქირურგიული ალტერნატივის მსგავსი.

Tirzepatide ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly and Company (Lilly)-მ შექმნა და წარმოადგენს ყოველკვირეულ ინექციას, რომელიც წონის კლებას ხელს უწყობს ბუნებრივი ჰორმონების, სახელად ინკრეტინების ეფექტების მიბაძვის მეშვეობით. ეს ჰორმონები ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონეს დაბლა სწევს და არეგულირებს მონელებასთან დაკავშირებულ მეტაბოლურ პროცესებს.

პრეპარატი Tirzepatide, რომელიც ჯერ ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის, რადგან კლინიკური კვლევების შემდეგ ეტაპს ელოდება, წარმოადგენს ორი კონკრეტული ინკრეტინის, GLP-1-ის (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და GIP-ის (გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) სინთეტიკურ კომბინაციას.

პირველი ჰორმონი, GLP-1, წარმოადგენს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატ სემაგლუტიდის საფუძველს, რომელიც აშშ-ში 2021 წელს დაამტკიცეს წონაში კლების პრეპარატად. ის წონაში კლების პირველი მედიკამენტია ბოლო რამდენიმე წელიწადში, რომელიც FDA-მ დაამტკიცა.

დამტკიცების გადაწყვეტილება დაეფუძნა კლინიკური ცდების შედეგებს, რომელსაც წონის კლებაში „თამაშის წესების შემცვლელი“ უწოდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ჰორმონ GIP-ისა და GLP-1-ის დამატების წყალობით, Tirzepatide-ს ფორმულა კიდევ ერთხელ შეცვლის თამაშის წესებს.

კლინიკური ცდების მესამე ფაზაში Tirzepatide-ის ეფექტებს 2539 მონაწილეზე იკვლევდნენ, რომლებიც ან მსუქნები იყვნენ, ან ჭარბწონიანები.

72 კვირის განმავლობაში, მონაწილეთა ნაწილს Tirzepatide-ს აძლევდნენ, ნაწილს კი პლაცებოს, ამავე დროს, მათ რაციონში შემცირებული იყო კალორიები და გაზრდილი იყო ფიზიკური აქტივობა.

პრეპარატი სამი სხვადასხვა დოზით შეჰყავდათ (5, 10 ან 15 მილიგრამი კვირაში ერთხელ), მაგრამ კვლევის მსვლელობისას, სამივე ამ ჯგუფში დაფიქსირდა წონაში კლების მნიშვნელოვანი დონე.

ყველაზე მაღალი დოზის (15 მილიგრამი) ჯგუფში მონაწილეთა სხეულის წონა საშუალოდ 22,5 პროცენტით (24 კგ) შემცირდა, 10 მგ დოზის ჯგუფში 21,4 პროცენტით (22 კგ), 5 მგ ჯგუფში კი 16 პროცენტით (16 კგ).

შედარებისათვის — პლაცებოს ჯგუფის წევრებში სხეულის წინა საშუალოდ მხოლოდ 2,4 პროცენტით (2 კგ) შემცირდა. წინა პრეპარატის, სემაგლუტიდის ცდების შემთხვევაში, წონის კლება საშუალოდ 17 პროცენტი იყო.

„Tirzepatide პირველი ექსპერიმენტული პრეპარატია, რომელმაც ცდების მესამე ფაზაში წონაში კლების 20 პროცენტზე მაღალი მაჩვენებელი დადო“, — ამბობს კლინიკური ცდების მკვლევარი, კომპანია Lilly-ს პროდუქტების განვითარების ვიცე-პრეზიდენტი ჯეფ ემიკი.

მართალია, ჯერ შედეგები სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან რეცენზირებული არ არის, მაგრამ როგორც Lilly აღნიშნავს, ეს მომავალში მოხდება. ამასობაში კი ცდები გრძელდება და დამატებითი შედეგები 2023 წელს გამოქვეყნდება.

უნდა აღინიშნოს, რომ Tirzepatide-ს ყველა მსურველი ვერ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ წონაში კლების საშუალო მაჩვენებელი სემაგლუტიდის შედეგებზე მაღალია, დაახლოებით ისეთი, როგორიც ბარიატრიული ქირურგიული ჩარევის შემდეგ მიიღწევა, ზოგიერთ მონაწილეს პრეპარატის მიღების შემდეგ გვერდითი ეფექტები განუვითარდა.

დოზების მიხედვით, Tirzepatide-ს ჯგუფის მონაწილეთა დაახლოებით ერთ-მესამედს განუვითარდა ღებინება, დაახლოებით 18,7–23 პროცენტს კი დიარეა. ნაწილში შეიმჩნეოდა ყაბზობაც, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეფექტთა გამო ცდები მონაწილეთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა დატოვა.

პრეპარატის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ფასის საკითხი, თუკი მას FDA საბოლოოდ დაამტკიცებს.

წონაში კლების წინა პრეპარატი, უკვე დამტკიცებული სემაგლუტიდი, რომელსაც დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ი აწარმოებს და Wegovy-ს სახელით ყიდის, ერთი თვის დოზა 1,300 დოლარი ღირს. ასეთ ფასზე კი ხელი არც თუ ისე ბევრ ადამიანს მიუწვდება.

თუკი Tirzepatide-ც ფასის ასეთ სტრატეგიას მიჰყვა, ის ცხოვრების შემცვლელი კიდევ ერთი ნამდვილად კარგი პრეპარატი გახდება, რომელსაც ფასის გამო ბევრი ვერ შესწვდება.

მიუხედავად ასეთი პრობლემური საკითხებისა, ამ პრეპარატების შთამბეჭდავი შედეგები მიუთითებს, რომ მალე შეიძლება სრულიად გარდაიქმნას ბოლო ათწლეულების კომპლექსური და საშიში ეპიდემიის — სიმსუქნის მკურნალობა.

მომზადებულია lilly.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.