წმინდა სინოდმა მეუფე შიოს სტატუსი დააზუსტა და ის დღეიდან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო დღეიდან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა.
წმინდა სინოდის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ მეუფის სტატუსი დაზუსტდა და საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, მეუფეს ამჟამინდელი სტატუსია „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე“.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელ წმინდა სინოდის სხდომაზე ისაუბრა პატრიარქის მოსაყდრის სტატუსის შესახებ და მოისმინა სინოდის მღვდელმთავართა აზრი. სინოდის კრებამ დაადგინა:
საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4-9) შესაბამისად დაზუსტდეს მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე“,- აღნიშნულია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც საპატრიაქომ გაავრცელა.