წმინდა ცეცხლის რიტუალის დროს, აღდგომის ტაძარში შესვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე სასულიერი პირს მიეცა [ვიდეო]
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი სრულდება. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
აღდგომის ტაძრის კარი მხოლოდ 15-მდე პირის თანხლებით გაიხსნა, მათ შორის იყვნენ სამართალდამცველები და სასულიერი პირები.
პანდემიის გამო, ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ ესწრება.
აღდგომის ტაძარში შესვლის უფლება სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელს მიეცა.
ამასთან, წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ ექნებათ. მათ ცეცხლს თვითმფრინავში საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან.
სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს საქართველოშიც. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.