წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
კლინიკის ექიმის, შალვა გიუაშვილის განცხადებით, დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. დაზიანებულია ღვიძლი, წვრილი ნაწლავები, რეტროპერიტონიალური ორგანოები და მიდამო ვრცელი ჰემატომით. ჩაუტარდა ოპერაცია. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. პაციენტს ჰქონდა მუცლის ღრუში შემავალი ერთი გამჭოლი ჭრილობა,“ – აღნიშნა ექიმმა.
ნათესავის განცხადებით, დაჭრილი ნოდარ ვარძელაშვილია, რომელიც დეზერტირების ბაზარში ვაჭრობდა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
„ბიძაჩემს გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე უცნობი პირი დაესხა თავს და ფული მოსთხოვა. როგორც ჩვენ ვიცით, ფული არ მისცა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ესროლა,“ – განაცხადა დაზარალებულის ნათესავმა.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.