წლის პირველ კვარტალში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოვლინდა
2018 წლის პირველ კვარტალში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 532 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის 77 ფაქტი, რომელთა მასალები სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.
კვარტალური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 1 261 919 ლარი შეადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 923 910 ლარი დაეკისრათ.
საანგარიშო პერიოდში პერიოდში გამოვლენილი გარემოსდაცვითი დანაშაულებიდან, დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის – 530 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის – 407 და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის – 270 ფაქტი, რაც ჯამურად, საერთო გამოვლინებების 46%-ს შეადგენს.
პირველ კვარტალში, ამოღებულია 2 565 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და 75 ერთეული არარეგისტრირებული (უკანონო) მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო. საერთო სტატისტიკის 18%-ს შეადგენს წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – 484 ფაქტი და 14%-ს ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – 355 ფაქტი.
ამასთან, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 155 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის – 182 ფაქტი. წყლის კანონმდებლობის დარღვევის – 98 ფაქტი გამოვლინდა, მიწის კანონმდებლობის დარღვევის – 51 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ნებართვის პირობების დარღვევის/ნებართვის გარეშე საქმიანობის – 22 ფაქტი, სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 3% (55 ფაქტი) შეადგინა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე – 153, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, 2175 ზარი შევიდა.
გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის თაობაზე 541 შეტყობინება დაფიქსირდა და გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, 2018 წლის პირველ კვარტალში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევა 12 მნიშვნელოვან ობიექტზე დააფიქსირეს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობას 16 მსხვილი ობიექტი ახორციელებდა, ხოლო თევზის გადამამუშავებელი 4 საწარმო გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.
2017 წლის ანალოგიურ პერიოდში (იანვარი, თებერვალი,მარტი) გამოვლენილი იყო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 1 534 ფაქტი.