წლის პირველ კვარტალში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოვლინდა
წლის პირველ კვარტალში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოვლინდა

2018  წლის  პირველ  კვარტალში,  გარემოს  დაცვისა  და  სოფლის  მეურნეობის სამინისტროს  გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის  დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოავლინეს, მათ  შორის,  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  2   532 ფაქტი,  ხოლო  სისხლის  სამართლის  77  ფაქტი,  რომელთა  მასალები სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.

კვარტალური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2018  წლის  1  იანვრიდან  31  მარტის  ჩათვლით,  გარემოსთვის  მიყენებული ზიანის  თანხამ  1 261 919  ლარი  შეადგინა.  სასამართლოს  გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 923 910 ლარი დაეკისრათ.

საანგარიშო პერიოდში პერიოდში  გამოვლენილი  გარემოსდაცვითი  დანაშაულებიდან, დაფიქსირდა  ტყის  კანონმდებლობის  დარღვევის  –   530  ფაქტი,  ხე-ტყის ტრანსპორტირების  წესების  დარღვევის  –   407  და  სახერხის  ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის – 270 ფაქტი, რაც  ჯამურად, საერთო გამოვლინებების 46%-ს  შეადგენს.

პირველ  კვარტალში,  ამოღებულია  2 565  მ3-მდე  უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და 75 ერთეული არარეგისტრირებული (უკანონო) მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო. საერთო  სტატისტიკის  18%-ს  შეადგენს  წიაღის  კანონმდებლობის  დარღვევის შემთხვევები  – 484  ფაქტი  და  14%-ს  ატმოსფერული  ჰაერის  კანონმდებლობის დარღვევის  შემთხვევები  –   355  ფაქტი.

ამასთან, ნარჩენების  მართვის  კოდექსის დარღვევის  155  ფაქტი  დაფიქსირდა,  ხოლო  თევზჭერის/ნადირობის  წესების დარღვევის  –   182  ფაქტი.  წყლის კანონმდებლობის  დარღვევის  –   98  ფაქტი  გამოვლინდა,  მიწის კანონმდებლობის  დარღვევის  –   51  ფაქტი  დაფიქსირდა,  ხოლო  ნებართვის პირობების  დარღვევის/ნებართვის  გარეშე  საქმიანობის  –   22  ფაქტი,  სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 3% (55 ფაქტი) შეადგინა. გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის  დეპარტამენტის  ცხელ  ხაზზე  –   153, მიმდინარე  წლის  1  იანვრიდან  31  მარტის  ჩათვლით,  2175  ზარი  შევიდა.

გარემოს  დაცვის  სფეროში  სამართალდარღვევის  თაობაზე  541  შეტყობინება დაფიქსირდა და გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის  დეპარტამენტის  ინსპექტორებმა,   2018 წლის  პირველ  კვარტალში,  გარემოზე  ზემოქმედების  ნებართვის  პირობების დარღვევა 12  მნიშვნელოვან  ობიექტზე  დააფიქსირეს,   გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების  გარეშე  საქმიანობას 16  მსხვილი  ობიექტი  ახორციელებდა, ხოლო  თევზის  გადამამუშავებელი  4  საწარმო გარემოსდაცვითი  ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

2017 წლის ანალოგიურ პერიოდში (იანვარი, თებერვალი,მარტი)  გამოვლენილი იყო  გარემოსდაცვითი  კანონმდებლობის  დარღვევის  1 534 ფაქტი.