საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მომსახურების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნით არის დაინტერესებული, საიდანაც მომსახურების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯასტინ დალალმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართულ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას გადაწყდა, რომ Wipro საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის.
პრემიერი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, ქვეყანაში არსებულ სტაბილურ, ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში მეწარმეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჯასტინ დალალს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე.
აღინიშნა, რომ არაერთი ფაქტორის, მათ შორის ბიზნესისადმი მეგობრული გარემოსა და ხელასყრელი მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის უდიდესი პოტენციალი.
ყოვლისმომცველი სერვისებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კომპანია Wipro 6 კონტინენტზე ოპერირებს.
დასაქმებული ჰყავს 170 ათასამდე თანამშრომელი.
კომპანიის წლიურმა ბრუნვამ გასულ წელს 8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.