სოფელ წინანდალში ავტოავარია მოხდა – თელავიდან გურჯაანის მიმართულებით მოძრავი „მიცუბიშისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იმავე ავტომანქანაში მყოფი დაშავებული ორი მგზავრი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.