წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, მხარი დაუჭიროს ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ლიდერია რესპუბლიკური პრაიმერიზის ყველა გამოკითხვაში
რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა დაგმეს კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ხმის მიცემისთვის დარეგისტრირებულ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, მხარი დაუჭიროს ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს და პიროვნებას, რომელიც ლიდერია რესპუბლიკური პრაიმერიზის ყველა გამოკითხვაში“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა.
ჯონსონმა კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „ფარული პარტიზანული თავდასხმა“ უწოდა.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კოლორადოს შტატის რესპუბლიკური პარტია და აღნიშნა, რომ ის დატოვებს შტატის პრაიმერიზს, თუ ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება.
შეგახსენებთ, აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.