წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრი „ემპათია“ იწყებს საზოგადოებრივ კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და სტუდენტების ფართო ჩართულობით მცოცავი რუსული ოკუპაციის შეჩერების საკითხებზე.
„საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გახშირება, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში, ემსახურება მოსახლეობაში შიშისა და ნიჰილიზმის დანერგვას, რაც ჩვენს მიერ არაერთგზის განმარტებული „სტოკჰოლმის“ სინდრომის გამყარებას უწყობს ხელს.
აღნიშნული გააქტიურება მიმართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არსებულ გამოძიებაზე ნეგატიური გავლენის მოსახდენად და „ომი ჩვენ დავიწყეთ“ მოსაზრებისა თუ შეგნებული მავნებლობის მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, ხელისუფლება მოკლებულია ქმედითი ზომების მიღების უნარს, შესაბამისად, ცენტრი „ემპათია“ იწყებს საზოგადოებრივ კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და სტუდენტების ფართო ჩართულობით მცოცავი და განგრძობითი რუსული ოკუპაციის შეჩერების საკითხებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.