წალენჯიხის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესა და აპარატის სამდივნო განყოფილების ყოფილ უფროსს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
უაქციზო სიგარეტის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადაზიდვაში ბრალდებულ წალენჯიხის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესა და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების ყოფილ უფროსს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე კი ორივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად 100-100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ბრალდებული საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე ბრალდებული კი ამბობს, რომ მას უაქციზო სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის დასარიგებლად უნდოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ტყეში საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი „ტოიტა პრადოს“ მარკის მანქანა დატვირთეს უაქციზო სიგარეტით. გზაზე კი პოლიციის მითითებაზე მანქანა არ გააჩერეს და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.