განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 2024 წლის პირველ მარტს დაკავებულ იქნა სამი პირი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელოს რეგიონში, სამ  ლოკაციაზე ბრალდებულებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტების აღკვეთა-გამოვლენა-გამოძიებას. მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად საგამოძიებო სამსახურის მიერ დამატებით გამოვლენილ იქნა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 15 პირი, მათგან დაკავებულია ოთხი პირი. დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 12 676 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.