განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თბილისში, სატვირთო მანქანაში ინახავდა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 241 639 ლარის ღირებულების 54 918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში, ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.