წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა
მესტიის საავტომობილო გზაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხოკოს მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა. დაჯახების შედეგად დაიღუპა მანქანის მგზავრი, ხოლო მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და მძღოლი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები არიან.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.