ნათია მეზვრიშვილი -საზღვარზე შემოსულ ე.წ. კანონიერ ქურდებს დააკავებენ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მტკიცებულებები, რომ საქართველოში რამე ფორმით დანაშაულში მონაწილეობა აქვთ მიღებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას იმ შემთხვევაში დააკავებენ, თუ კი მათზე საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია ექნებათ, – ამის შესახებ პირველ არხს შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.
“ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოხდება, თუ ჩვენ გამოძიების ეტაპზე დავადასტურებთ, რომ ამ ადამიანებს რაიმე ფორმით გავლენა აქვთ მოხდენილი საქართველოში, მაგალითად დანაშაულებრივ საქმიანობაზე ან მონაწილეობა აქვს მიღებული თუნდაც ელექტრონული კომუნიკაციით რაიმე დანაშაულში. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, რათა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. უნდა დავადასტუროთ ეს. მტკიცებულებების გარშე ხომ ვერ დავაკავებთ? მტკიცების მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული კანონმდებლობა პრობლემებს ქმნიდა. თუ გვექნება აღიარებასთან ერთად მტკიცებულებების ერთობლიობა, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კითხვაზე, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რა შემთხვევაში დააკავებენ საზღვარზე შემოსულ ე.წ. კანონიერ ქურდებს, ნათია მეზვრიშვილი პასუხობს: “დააკავებენ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მტკიცებულებები, რომ ამ ადამიანებს საქართველოს ტერიტორიაზე რამე ფორმით დანაშაულში მონაწილეობა აქვთ მიღებული. მტკიცებულებების გარეშე ხომ ვერ დავაკავებთ ადამიანებს. თუ ასეთ ადამიანებს აქვთ სტატუსი და შესაბამისად არსებობს მტკიცებულებები, რომ დანაშაულთან რამე შემხებლობაში არიან, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება”.
მანვე აღნიშნა – “ჩვენ უნდა დავდასტუროთ ისიც, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულებრივ საქმიანობაში რამე ფორმით მონაწილეობა აქვთ მიღებული”.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პროექტის ამოქმედების შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა გაიზრდება.
ამ მუხლით დაკავებულების დიდი ნაწილი 2014 წლიდან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით ტოვებდა, რადგან, როგორც სფეროზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, ბრალდების მხარეს მხოლოდ აღიარებითი ჩვენებით ან სტატუსით – „კანონიერი ქურდი“ დანაშაულის მტკიცება უჭირდა.
მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში 10-დან 9 ე.წ. კანონიერი ქურდი გამართლდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.
საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „კანონიერ ქურდობაზე“ თავისუფლების აღკვეთა 9-დან 15 წლამდე იქნება, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა.
ცვლილებები ასევე გავრცელდება „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე, რაზეც თავისუფლების აღკვეთა ნაცვლად 5-დან 8 წლამდე, იქნება 7-დან 10 წლამდე.