ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახმელეთო ჯარების მეთაურად ალექსანდრ პავლიუკი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა სახმელეთო ჯარების მეთაურად ალექსანდრ პავლიუკი დანიშნა. აღნიშნულ თანამდებობას მანამდე იკავებდა ალექსანდრ სირსკი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა.
ერთი დღით ადრე უკრაინის მთავრობამ პავლიუკი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პავლიუკი ქვეყნის აღმოსავლეთით მუშაობდა. 2022 წლის მაისიდან ის იყო სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილე, 2023 წლის თებერვლიდან კი თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ მსახურობდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო სადესანტო თავდასხმის ჯარების მეთაურიც შეცვალა და ამ თანამდებობაზე, მაქსიმ მირგოროდსკის ნაცვლად, იგორ სკიბიუკი დანიშნა.