ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგს ეჩვენება, რომ პუტინი სამუდამოდაა და ომს დასასრული არ აქვს, ეს ილუზიებია, რომელთა გაქარწყლება გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგს ეჩვენება, რომ პუტინი სამუდამოდაა და ომს დასასრული არ აქვს, ეს ილუზიებია, რომელთა გაქარწყლება გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგში სიტყვით  გამოვიდა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე და აგრესორისგან თავის დაღწევის გზებზე ისაუბრა, ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომიც გაიხსენა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ომის დაწყებისთვის რუსეთს სრული და პრინციპული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„რუსეთმა უნდა დაალაგოს მის მიერ დატოვებული ნანგრევები, უნდა გადაიხადოს ამ აგრესიის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მიყენებული ზარალის საფასური. თუ სადმე რჩება ნანგრევები, ეს ნიშნავს, რომ მათთან ოდესმე ომი დაბრუნდება. ეს აღარ უნდა მოხდეს, არასოდეს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ნორმალური ცხოვრება, ყველაფერი უნდა აღვადგინოთ. უნდა იქნეს გამოყენებული ყველა რუსული აქტივი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, აგრესორთან კომპრომისების გარეშე. კომპრომისების დრო ამოწურულია. ის ამოიწურა სწორედ მაშინ, როდესაც პუტინმა დაიწყო ქალაქების გადაწვა და მკვლელების დაჯილდოება, როდესაც მან ფსონის დადება დაიწყო მკვლელობებზე და არა შეთანხმებებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის არამია ათობით ახალ სასაფლაოს ტოვებს და ეს ნიშნავს, რომ არავის უნდა ჰქონდეს რუსეთის არმიისგან დაცვის დეფიციტი.

„მოსკოვში ვიღაცის დაცვა, ასეთი თავდაცვა ვერ იქნება. ევროპა უნდა იყოს საკმარისი ძალის კონტინენტი, რათა იყოს მყარი მშვიდობის სივრცე. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. და ვინმემ სხვაგვარადაც რომ სცადოს, პუტინი თავად გაანადგურებს მასთან მოლაპარაკების ნებისმიერ იდეას. ის მიისწრაფვის დაპყრობისკენ და არა მხოლოდ რუსეთის მეზობლების. რუსი მკვლელები იყვნენ ალეპოში და არიან აფრიკაში. ისინი სწავლობდნენ ომს, როდესაც გროზნოს ანგრევდნენ და საქართველოს ტეხდნენ. მათ დატოვეს დაყოფილი მოლდოვა. მათ დააჩოქეს ბელარუსი. დავუშვებთ თუ არა, რომ რუსეთმა გააგრძელოს ასეთი მსვლელობა ევროპაში? ნამდვილად არა. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ პუტინი პირადად დამარცხდეს, რომ მან წააგოს ეს ომი. წააგოს მცდელობა, ევროპა ისეთ დღეში ჩააგდოს, როდესაც ომიდან ამოსვლა უკვე შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბერლინის კედლის დაცემამდე ერთი-ორი წლით ადრე ვერავინ ივარაუდებდა, რომ კედელი დაეცემოდა, ყველას ეგონა, რომ ეს კედელი სამუდამოა. თუმცა, მისი თქმით, ის დაეცა და ეს მოხდა პოლიტიკოსების ლიდერობით და ხალხის ნებით.

„ახლაც ზოგს ეჩვენება, რომ პუტინი სამუდამოდაა და ომს დასასრული არ აქვს. ეს ასე არ არის, ეს ილუზიებია, რომელთა გაქარწყლება ლიდერობით, გადაწყვეტილებებითა და წარმატებით არის შესაძლებელი. და ჩვენ ამას გავაკეთებთ! შენთან ერთად, გერმანია!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე ისაუბრა შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე.

„ჩვენ გვინდა, მივცეთ შანსი დიპლომატიას და ამისთვის ასამდე სახელმწიფო შევკრიბეთ. უკრაინა არასდროს იყო მხოლოდ იარაღის ძალის იმედზე. დიახ, ჩვენ გვესმის, რა მკვლელების წინააღმდეგ გვიწევს დღეს ბრძოლა და არ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ იარაღი აჩერებს მათ ეფექტიანად და იცავს ჩვენს სიცოცხლეს. თუმცა, ასევე გვახსოვს, რომ მშვიდობა იზრდება არა გასროლიდან, არამედ საიმედო გარანტიებიდან, რომ მეტი გასროლა აღარ იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის ლიდერის თქმით, დღეს უკრაინისთვის ასეთი გარანტიის მიცემა მსოფლიოს ერთიანობას შეუძლია და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო სამიტი.