ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინც ბოროტების გზას ირჩევს, თავს ინადგურებს, აშკარაა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სისუსტე
ვინც ბოროტების გზას ირჩევს, თავს ინადგურებს, აშკარაა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სისუსტე, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ ვითარებას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ჯარების შემდგომი ყოფნა უკრანაში მეტ ქაოსს, ტკივილსა და პრობლემებს მოუტანს რუსეთს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა პროპაგანდა საკუთარი სისუსტისა და მთავრობის სისულელის დასაფარად გამოიყენა.
„ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს. აგზავნის ჯარისკაცების კოლონებს, რათა გაანადგურონ სხვა ქვეყნის სიცოცხლე და ვერ აჩერებს მათ გაქცევასა და ღალატს, როდესაც სიცოცხლე წინააღმდეგობას უწევს. ის აბუჩად იგდებს ადამიანებს და ასიათასობით აგზავნის ომში, რათა ბოლოს მოსკოვის რეგიონში ბარიკადებს უკან დაემალოს მათ, ვინც თვითონ შეაიარაღა. ეს ყველაფერი არის ერთი ადამიანი, რომელიც ისევ და ისევ აშინებს სხვებს 1917 წლით, რაგან მათი სხვა რამემდე მიყვანა არც შეუძლია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს. სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დედაქალაქში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა.