ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-ში მიწვეული არ არის, ალიანსში ნაწილობრივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით სიგნალები კი სისულელეა
უკრაინის ნატო-ში შესვლა არის ყველაზე ძლიერი ვარიანტი ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიწვეული ალიანსში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კიევს ოფიციალური პარტნიორებისგან ჯერჯერობით არ მიუღია არანაირი წინადადება ალიანსში უკრაინის ე.წ ნაწილობრივი გაწევრიანების შესახებ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს იდეა სისულელეა.
„სიგნალები ალიანსში ვინმეს ნაწილობრივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით სისულელეა. არავითარი შეურაცხყოფა არ მინდა მათ მიმართ, ვინც ამას ამბობს, თუმცა ვთვლი, რომ ეს სისულელეა. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამან იმუშაოს. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინის ნაწილი ნატო-ში იქნება. ეს არის მაღალი რისკი. ეს ნიშნავს, რომ იქნება ომი ნატო-სთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, „ნაწილობრივი გაწევრიანება“ შექმნის პრობლემას უკრაინის მიერ ოკუპირებული მიწების დაბრუნების შესახებ, რომელიც უკვე ნატო-ს წევრი იქნება.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ჩვენი ტერიტორიის ნაწილს, როგორც რუსულს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.