ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელთან ურთიერთობა ბოლო დროს უფრო თბილი გახდა, პაუზის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ წინ გადადმულ ნაბიჯებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელთან ურთიერთობა ბოლო დროს უფრო თბილი გახდა, პაუზის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ წინ გადადმულ ნაბიჯებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ისრაელთან უკრაინის ურთიერთობები უფრო თბილი გახდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისრაელთან თანამშრომლობა ირანული დრონების შესახებ სადაზვერვო მონაცემების გაზიარებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მისი განცხადებით, ამჟამად უკრაინა ისრაელთან თანამშრომლობის გზის დასაწყისშია.

„ყველას უხერხულობას უქმნის ჩვენი ურთიერთობები, თუმცა ისინი ბოლო დროს უფრო თბილი გახდა. პაუზის შემდეგ ჩვენ ვხედავთ წინ გადადმულ ნაბიჯებს… ჩვენ ისრაელთან თანამშრომლობის დასაწყისში ვართ. და ეს არის დადებითი ტენდენცია ისრაელის მხრიდან. მადლობელი ვარ ამისთვის“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. ამასთან, ზელენსკის თქმით, მას ისრაელისგან უფრო მეტი მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ისრაელმა იცის, რა არის ომი. მიგვაჩნია, რომ ისრაელმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარის უკრაინას. ჩვენ ამას 24 თებერვლის შემდეგ ველოდებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელის მოსახლეობა მხარს უჭერს უკრაინელებს, თუმცა ჩვენ გვჭირდება ისრაელის პოლიტიკური ლიდერობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ისრაელის დაზვერვის მონაცემები ადასტურებს უკრაინის დაზვერვის ხელთ არსებულ ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 400-ზე მეტი ირანული დრონი გამოიყენა.

შეგახსენებთ, უკრიანის გენშტაბის ცნობით, რუსეთი ბოლო კვირებში მასობრივად იყენებს ირანული წარმოების კამიკაძე-დრონებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დასახლებებზე იერიშებისთვის.