ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-ს უშიშროების საბჭო ამჟამად საერთოდ ვერ ახერხებს აგრესიის შეჩერებას და მშვიდობის აღდგენას ვეტოს მოძველებული სისტემის გამო
ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-ს უშიშროების საბჭო ამჟამად საერთოდ ვერ ახერხებს აგრესიის შეჩერებას და მშვიდობის აღდგენას ვეტოს მოძველებული სისტემის გამო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერო-ს უშიშროების საბჭო ვეტოს მოძველებული სისტემის გამო ვერ ახერხებს აგრესიის შეჩერებას.

„წელს უკრაინამ გაერო-ს წარუდგინა გაერო-ს მთავარი ინსტიტუტის – უშიშროების საბჭოს რეფორმის ხედვა. უშიშროების საბჭო ამჟამად საერთოდ ვერ ახერხებს აგრესიის შეჩერებას და მშვიდობის აღდგენას ვეტოს მოძველებული სისტემის გამო, როდესაც არ არსებობს შეზღუდვა აგრესორის მიერ ვეტოს ბოროტად გამოყენებაზე. ეს უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ამერიკაში ვიზიტისას მიღწეულ შეთანხმებებზეც და აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის თავდაცვის სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდა.

„გვაქვს ახალი გადაწყვეტილებები, თავდაცვის ახალი პაკეტები შეერთებული შტატებისგან, მათ შორის არტილერია, საჭირო ჭურვები, „ჰაიმარსის“ საბრძოლო მასალები, საჰაერო თავდაცვითი რაკეტები, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტაქტიკური მანქანები და კიდევ რამდენიმე ტიპის იარაღი. კანადასთან გვაქვს შეთანხმება ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი თავდაცვის მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.