ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის წევრობის საკითხი ერთ დღეში არ წყდება, მაგრამ ახლა უკრაინელი ხალხისთვის მოტივაცია იქნება, თუ ევროკავშირი მოგვეპყრობა, როგორც თანასწორ პარტნიორს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის წევრობის საკითხი ერთ დღეში არ წყდება, მაგრამ ახლა უკრაინელი ხალხისთვის მოტივაცია იქნება, თუ ევროკავშირი მოგვეპყრობა, როგორც თანასწორ პარტნიორს

უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი ერთ დღეში არ წყდება. ეს ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ ახლა უკრაინელი ხალხის ერთიანობისთვის მოტივაცია იქნება, თუ ევროკავშირი მოგვეპყრობა, როგორც თანასწორ პარტნიორს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის ერთ-ერთი მოტივაციაა, რომ უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

„ამისთვის კი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთ-ერთი მოტივაცია. ამ დარბაზში ბევრი ხალხია, რომლებზეც ეს გადაწყვეტილებაა დამოკიდებული. ეს არ არის მხოლოდ ფრაზა ან ტექნიკური ასპექტი. დღეს ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მოტივაცია უკრაინაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხალხის სიცოცხლის, ჩვენის სიცოცხლის, სახლების დაცვის მოტივაცია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პატივისცემა. ეს პატივისცემა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ თავს ვიგრძნობთ თქვენს პარტნიორებად. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გადაცემა წვრილმანია, მაგრამ ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგმა ქვეყანამ ეს სტადია გაიარა, მაგრამ ჩვენ მომავალში უნდა გავაკეთოთ. ვიცი, რომ ამ მომავალმა გააერთიანა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მსოფლიოც. ერთადერთი, რაც ჩემთვის სამწუხაროა, ისაა, რომ ჩვენ ამ ერთობისთვის დიდი საფასურის გადახდა მოგვიწია. ახლა, როდესაც განვიხილავთ სანქციების და უკრაინის დახმარების პაკეტებს, ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ერთიანობას ეწინააღმდეგება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ასეთი ნაბიჯები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.