ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება დრო კონტრშეტევის დაწყებისთვის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება დრო კონტრშეტევის დაწყებისთვის. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ევროვიზიის ახალი ამბების წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საბრძოლო ბრიგადები, მათ შორის ნატო-ს ქვეყნების მიერ გაწვრთნილი, მზადყოფნაში არიან, მაგრამ არმიას ჯერ კიდევ ესაჭიროება ჯავშანტექნიკა, რომლებიც ჯგუფურად მოდის.
„იმ შეიარაღებით, რაც უკვე გვაქვს, შეგვიძლია წინსვლა და, ვფიქრობ, წარმატებული ვიქნებოდით, მაგრამ ასე ჩვენ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა უარყო აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვის შიში, თუ 2024 წელს ჯო ბაიდენს ხელახლა არ აირჩევენ და აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის კონგრესში.