ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, სიცრუე გაავრცელოს აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში, სადაც შესაძლოა, საკვები პროდუქტების დეფიციტი შეიქმნას
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, სიცრუე გაავრცელოს აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში, სადაც შესაძლოა, საკვები პროდუქტების დეფიციტი შეიქმნას

უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთი ცდილობს, სიცრუე გაავრცელოს აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში, სადაც შესაძლოა, საკვები პროდუქტების დეფიციტი შეიქმნას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული პორტების გახსნის საკითხი თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა.

„ჩვენ გვჭირდება, რომ გემებისთვის იყოს უსაფრთხო დერეფანი, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს ფლოტმა უზრუნველყოს მარცვლეულის გატანა. ჩვენ ველაპარაკეთ ბრიტანეთსაც და თურქეთსაც. თურქეთი ახლა ეძებს ფორმატს, რომ ჩვენ გარანტიები მოგვცეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ანკარაში შეხვედრის დროს თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა შესაძლოა, უკრაინული ხორბლის გასატანად თურქეთის ფლოტისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი დააყენონ.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ გზებსაც განიხილავს.

„არის ჩვენი მარცვლეულის გატანის რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან უკრაინის რკინიგზით მცირე მოცულობის გატანაზე. თუმცა, ეს არ გვაწყობს არც ჩვენ და არც მათ. შეიძლება იყოს დეფიციტის რისკი ექსპორტის ხანგრძლივი დროის გამო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის პრიორიტეტულად მიმართულებად კვლავ პორტები რჩება.

„ძალიან სწრაფად შევძლებთ გატანას. თუ ახლა ბლოკირებული გვაქვს 22-25 მილიონი ტონა, შემოდგომას შესაძლოა, იყოს უკვე 75 მილიონი ტონა. რას გავაკეთებთ? ამიტომ, პორტების გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველაზე ძლიერ გარანტიად რჩება იარაღი, რომელიც განთავსება საზღვაო დერეფნების განბლოკვისთვის.

„ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან კონკრეტულ ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით და შემიძლია, განვაცხადო, რომ ცოტ-ცოტას უკვე ვიღებთ. მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო გარანტია“, – აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ იარაღს იყენებს არა მუქარისთვის, არამედ რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობის დემონსტრირებისთვის.